“რატომ სამართალი?” — ეს ის შეკითხვაა, რომელიც აგერ უკვე ოთხი წელია მესმის.
დაახლოებით იმ ასაკიდან მინდოდა მესწავლა იურიდიულზე,როცა ზოგიერთს ეგონა რომ მის შინაარსსაც ვერ ვაცნობიერებდი.ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ შემცვლია მიზანი და არ შემნელებია ინტერესი,მას შემდეგ რაც კარიერის დაწყება ამ მიმართულებით გადავწყვიტე.გულახდილი ვიქნები და ვიტყვი,რომ საკუთარ თავთან მეც მიჩნდებოდა კითხვები,თუმცა მათზე პასუხის გაცემა უნივერსიტეტში პირველივე დღიდან დავიწყე.
ჩემი მიზნების შეხსენება მიწევს საკუთარი თავისთვის ყველგან – იქნება ეს გაცნობითი შეხვედრა, სხვადასხვა საგნის პირველი ლექცია თუ სამსახურის ძიების პროცესში — გასაუბრებება.
მინდა ამ სტატიის ფარგლებში გიამბოთ იმ გამოცდილების შესახებ,რამაც გამოკვეთა ის მნიშვნელოვანი გარემოებები თუ რატომ უნდა ვისწავლოთ სამართლის მიმართულებით.
პირველ მნიშვნელოვანი დადებითი მხარე არის კარიერის მრავალი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა.
აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვა საკუთარი თავისადმი ალბათ არის – “რომ დავასრულებ სწავლას, სად ვიმუშავებ?”. მართლაც, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხია,როცა საქმე მომავალი სპეციალობის არჩევას ეხება. თუმცა, სამართალი ამ კუთხით ყველაზე მოსახერხებელია.
სამართლის აკადემიური ხარისხის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, სხვადასხვა კუთხით განავითარონ თავიანთი პროფესიული საქმიანობა: დასაქმდნენ იურისტებად საჯარო თუ კერძო სექტორში, გახდნენ ადვოკატები, მოსამართლეები, იყვნენ სხვადასხვა იურიდიული ფირმის აგენტები, გააგრძელონ საქმიანობა აკადემიურ სივრცეში და სხვა.იურისტები არიან ყველგან — მედიაში, კომერციულ თუ სასწავლო დაწესებულებებში, ისინი ქმნიან კანონებს, იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ხდებიან მსოფლიო ლიდერები. ასე რომ, წინ დიდი თავგადასავალია — საკუთარი ძალების მოსინჯვას კი მრავალ ადგილას შეძლებ.
ცოდნა და უნარები, რომელთაც სტუდენტები იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას იძენენ, მომავალში კომპლექსური სიტუაციების და პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ. კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკური უნარები კი ხელს უწყობს ეფექტიანი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას.
გარდა ამისა, იურიდიულზე სწავლა ხელს უწყობს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობისა და სამართლიანობის განცდის ჩამოყალიბებას. ეს ეხმარება ახალგაზრდებს გაიგონ, რა არის ის ადამიანური ფაქტორები, რაც ამა თუ იმ კანონისა და რეგულაციის უკან დგას.დისკუსიები, მოდელირებები, დებატები, როლური თამაშები ჩამოგაყალიბებს უფრო თავდაჯერებულ პიროვნებად, შეძლებ, ხმამაღლა გამოთქვა მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე და დაიცვა შენი პოზიცია.
ამდენად,ეს პროფესია განსაკუთრებულ კომუნიკაციის უნარებს მოითხოვს. ამგვარი უნარების ფორმირება კი სწორედ უმაღლეს სასწავლებელში იწყება, რაც სამომავლოდ კარიერულ ცვლილებებთან მარტივად შეგუებასაც უწყობს ხელს.
ბევრი იურისტი აღწევს წარმატებას სხვადასხვა სფეროში — იქნება ეს უშუალოდ სამართლებრივი საქმიანობა თუ მსოფლიო ლიდერობა. ცხადია, ეს პროფესია ადვილი სულაც არაა და დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა ისინი, ვინც თავიანთ საქმიანობას მოტივაციითა და თავდადებით ეკიდებიან, საზოგადოებაში აღიარებასა და დაფასებას ადვილად აღწევენ,რადგან სამართლის მიმართულებით კარიერის განვითარება არის ძალიან დიდი სასიკეთო ცვლილების შესაძლებლობა.
სამართლიანობის გრძნობა ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, რაც ამ პროფესიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ.სამართლიანობის აღდგენა, დაჩაგრულთა დახმარება… მართლაც კეთილშობილური მოტივებია, თუმცა არსებობს პრაგმატული მიზეზებიც – პირველ რიგში არ არსებობს სფერო, ადგილი, დაწესებულება, რომელსაც არ სჭირდება წესრიგი და რეგულაცია – სწორედ აქ ჩნდება კანონისმცოდნისა და იურისტის საჭიროება. გარდა ამისა, ეს არის ფაკულტეტი რომელიც გზას გიხნის მრავალი პროფესიისკენ. არჩევანი მართლაც დიდია, კერძო სამართალი თუ საჯარო, მოსამართლეობა, პროკურორობა თუ რაიმე კომპანიის იურისტობა, პოილტიკა თუ საკუთარი იურიდიული ფირმა… მოკლედ, თუ კარგი იურისტი ხარ, სამსახურის შოვნა წესით არ უნდა გაგიჭირდეს.
სამართალმცოდნეობის ხარისხის მოპოვება, რა თქმა უნდა, გარანტირებულ წარმატებასა და დიდ შემოსავალს არ გულისხმობს, თუმცა თუ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალად ჩამოყალიბდები, ამ მხრივ სანერვიულო არაფერი გექნება. იმის გათვალისწინებით, რომ იურისტის კარიერა მეტნაკლებად სტაბილურია და ყველა დროში მოთხოვნადია, შესაძლოა კარგი შემოსავალიც გქონდეს.მოქნილობა, სხვადასხვა სფეროებში კარიერის გაგრძელება, რის საშუალებასაც იურიდიული განათლება იძლევა, ერთ-ერთი გზაა იმისთვის, რომ შენი ადგილი იპოვო და ფინანსურ სიძლიერეს მიაღწიო.
კარგია, როცა პრაგმატულად ჩამოაყალიბებ დადებით და უარყოფით მხარეებს და ცივი გონებით მიუდგები საკითხს. თუმცა, საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანია შინაგანი „მეს“ ფაქტორი – გაიგო რისი კეთება გსურს გულით და რეალურად შეაფასო შენი შესაძლებლობები. თუ არ ხარ მზად შენი დროისა და ენრგიის უდიდესი ნაწილი ამ სფეროს დაუთმო, მაშინ, ალბათ, სჯობს, რომ იურიდიულზე უარი თქვა.
წარმატებები!
ელენე ღურწკაია
